პაპუაშვილი – არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაზე: ისტორიული გადაწყვეტილებაა

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ქართული ოცნების” ინიციატივას არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი აქტორისთვის სულაც აღარ არის “კარუსელები” და ბიულეტენების ჩაყრა და გაყალბების სხვა მეთოდები პრობლემა.

მისივე თქმით, ვინც არის საქართველოში არჩევნების პროცედურების სათანადოდ წარმართვის და გაიოლების გულშემატკივარი, დღეს ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი უნდა იყოს.

„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, სხვათა შორის, საინტერესო არის ის რეაქცია, რაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ვნახეთ, მათ შორის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის. აღმოჩნდა, რომ თურმე არავის აღარ აქვს პრობლემა „კარუსელებთან“, ჩაყრასთან და ა.შ. ის, რასაც ჩვენ გვიმტკიცებდა 2020 წლიდან მოყოლებული ზოგიერთი აქტორი, რომ თითქოს საარჩევნო უბნებში გაყალბება ხდება, უცებ აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის საარჩევნო უბნები პრობლემა და თითქოს პრობლემა სადღაც სხვაგან არის. სინამდვილეში, ის, ვინც არის საქართველოში არჩევნების პროცედურების სათანადოდ წარმართვის და გაიოლების გულშემატკივარი, დღეს ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი უნდა იყოს. სინამდვილეში, ვინც ამ საკითხში ერკვევა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, თითქმის, სრულად მოხდეს გადასვლა ელექტრონულ რეგისტრაციაზე და ელექტრონული დათვლის მანქანების გამოყენებაზე. სამუშაო ჯგუფი მუშაობს ზოგადად ცვლილებებთან დაკავშირებით და იქაც ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება ამ კუთხით, რასაც საზოგადოება მალე იხილავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მის თქმით, არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ხმის დათვლის პროცესში სპეკულაციებს გამორიცხავს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა ყველა პოლიტიკოსის ვალია, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული იყოს.
„ყველანაირი სპეკულაციაც კი გამორიცხულია ამ საკითხთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, პარტიის წევრი, პაატა მანჯგალაძე სხვანაირად ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გიორგი ვაშაძისგან მოვისმინეთ ისტერიული განცხადება. მინდა, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტებს მივმართო, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ხდება არა მხოლოდ იმით, რომ რაღაცის ყიდვა, დადგმა და გამოყენება ხდება, ამას სჭირდება მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც და ნდობის გამყარებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ახლა ყველა პოლიტიკოსის ვალია, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები