შალვა პაპუაშვილი -„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ეს არის ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში

თუ არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე და ქვეყანა გაერთიანებიდან გაირიცხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.

„ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით. ეს გახლავთ ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. მათ შორის, ევროკომისიამ რამდენჯერმე მოგვმართა წერილით, რომ მოგვეხდინა ამ დირექტივის იმპლემენტაცია. თუკი არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. უფრო მეტიც, თუ არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და არ გვექნება საერთოდ წვდომა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არის შესაბამისობაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს პროექტი პარლამენტში 2018 წლიდან არის ინიცირებული და შემუშავებულია ევროკავშირის ექსპერტების მიერ და მათი დახმარებით. 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და მოხდა პროექტის შესაბამისობაში მოყვანა დირექტივასთან და ინიცირება.
რაც შეეხება განხილვებს, ვიცი ის წუხილები და კითხვები, რაც არსებობს. საკითხი, საბოლოოდ, ღია ფორმატში განიხილება, ყველა ვიქნებით მომსწრე ამ განხილვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები