შალვა პაპუაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, ხელი მოაწერა. სიახლე მედიას მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

პაპუაშვილმა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებით სალომე ზურაბიშვილმა “ხაზი გაუსვა, რომ არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა.

„არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის სურვილი და მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან 5 თვის თავზეც კი, არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან. პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში, დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე – რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. საბოლოოდ, ერთადერთი მოსაზრება, რომელიც გვესმის, კანონის მიღების მიზანშეწონილობას ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება ეხება საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები