ყაზახეთი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სამშვიდობოების გაგზავნას არ გეგმავს – ქვეყნის საგარეო უწყება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ყაზახი სამშვიდობოების გაგზავნის საკითხი არ დგას, – განუცხადა ჟურნალისტებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუხტარ ტლეუბერდიმ.
”არა, ჯერჯერობით, ასეთი საკითხი არ დგას”, – თქვა მან ნურ-სულთანში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა კონგრესის გახსნის კულუარებში.
ტლეუბერდის თქმით, ახლა უპირველესი ამოცანაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივი კომისიის მუშაობის განახლება.
„ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ გამოცდილება, რადგან საზღვრის დემარკაცია სახმელეთო და, თუნდაც, საზღვაო საზღვრის მთელ პერიმეტრზე გვაქვს. დემარკაცია თითქმის დასრულებულია ყველა სახელმწიფოსთან, გარდა რუსეთისა. რუსეთთან დემარკაციას, სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი დასჭირდება,” – თქვა მან.