სენატორი გერი პიტერსი აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
„დემოკრატი“ სენატორი, გერი პიტერსი სომხეთზე არაპროვოცირებული თავდასხმის გამო, აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
„წარმოუდგენლად შეშფოთებული ვარ სომხეთზე აზერბაიჯანის არაპროვოცირებული თავდასხმის გამო. ჩვენ აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევისა და მიუღებელი თავდასხმებისთვის. ეს უნდა მოიცავდეს აზერბაიჯანისთვის აშშ-ის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, – წერს სენატორი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბერს, გვიან ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს.
თავის მხრივ, სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით განახორციელა. მხარეებს შორის ინტენსიური შეტაკებების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი, არიან დაჭრილებიც.