რუსეთის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რასაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
„გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.
მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად.
ბაქოსა და ერევანთან ვართ მჭიდრო კავშირში. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ თხოვნა სიტუაციის მოგვარებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და კუხო-ს მეშვეობით.
ვიმედოვნებთ, რომ 13 სექტემბრის 09:00 საათიდან რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული.
კვლავინდებურად მივიჩნევთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს – დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, – ნათქვამია განცხადებაში