რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში. „დამატებითი რესურსის მობილიზება კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.
კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს თავად სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად, წლების მიხედვით მოხდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის ზრდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდილი გაზრდილი ოდენობა, რომელიც სრულად მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში, ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას”,- განაცხადა მომხსენებელმა. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა ეტაპობრივადაა გათვალისწინებული, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განმარტა, ეს არ ეხება პირად საცხოვრებელ სახლებს და მათთან მიმართებით, მოსაკრებლის ოდენობა ისევ 4 ლარი რჩება.
„მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები გაეზრდება და ამით კიდევ უფრო ბევრ სასიკეთო საქმეებს გააკეთებენ”, -აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.