ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს მეჰმეთ მუშს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები”.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯღავა.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ისინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის.
აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ამასთან, ხაზი გაესვა იმასა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება წარმატებული პროექტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი დინამიკით გამორჩეული სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით დიდია, რასაც ხელს შეუწყობს ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, ასევე თანამშრომლობის ისეთი სქემის ამოქმედება, როგორიცაა დიაგონალური კუმულაცია. აღინიშნა, რომ აღნიშნული სქემა შეძლებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას, რათა მათ გააფართოონ ან შექმნან ახალი სამრეწველო საწარმოები, ხელი შეუწყონ დასაქმებას და გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს საქართველო – თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.