„საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსულ ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსულ ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანული ავიაკომპანია Iran Air-ი, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, სატვირთო ავიარეისებს ახორციელებს მსოფლიოს 71 მიმართულებით, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ავიაკომპანია არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებებით.
მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com), რომლებიც რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა.
„რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, რომლის შესახებაც მედიასაშუალებების მეშვეობით ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, გაცნობებთ, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილია აეროპორტი „ზვართნოცი“, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს.
ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, – აღნიშნულია „საქაერონავიგაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.