შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2023 წელს დაიწყებს
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა, შესაბამისად, კიევი წევრობაზე მოლაპარაკებებზე გადასვლას უკვე მომდევნო წლიდან შეძლებს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.
„უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თითქმის 70% შეასრულა. დაგეგმილია, რომ მომავალ წელს კიევი შეძლებს წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესზე გადასვლას”, – თქვა შმიგალმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება “უზარმაზარი მხარდაჭერაა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში”.
შმიგალმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს ომს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ – ჰიბრიდულ ომსაც ევროპის წინააღმდეგ.
„გაზითა და ნავთობით შანტაჟი, დეზინფორმაცია და კიბერშეტევები, სასურსათო და მიგრაციული კრიზისი – ეს ყველაფერი რუსეთის მიზანმიმართული ქმედებებით არის განპირობებული. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ ამ ომის მოგებას და დავიცავთ დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპები. ბრიუსელში ვიზიტისას ჩვენ დავინახეთ ეს გაგება ევროპელ ლიდერებში. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გამარჯვებამდე უკრაინის გვერდით დადგებიან“, – განაცხადა მან.