დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და ინვესტიციების კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის ეკონომიკისა და ინვესტიციების კომიტეტის თავმჯდომარეს, დოქტორ ხაირ აბდულაჰ აიად აბუ საილიკს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა არ შეესაბამება არსებულ პოტენციალს, არის ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები, რაც მომავალში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების აქტიურ დინამიკას და დააფიქსირეს თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციისთვის მზადყოფნა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, საქართველოს მიმართ იორდანიის ბიზნესწრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ მიმართულებით დაისახა კონკრეტული გეგმები, რომლებზე მხარეები სამომავლოდ იმუშავებენ.
დავით სონღულაშვილმა იორდანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოსთვის, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. დოქტორ ხაირ აბდულაჰ აიად აბუ საილიკის განცხადებით, საქართველო მათთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს და იორდანიის მხარე მზადაა აქტიურად იმუშაოს, რათა მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა სექტორში. მან კომიტეტის წევრები იორდანიაში მიიწვია. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები – გელა სამხარაული და გელა მიქაძე.