გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას” მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას” მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა.
2022 წელს 25 თებერვალსა და 4 აპრილს განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, მეტალურგიულ საწარმოში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟებული ორი ინდუქციური ღუმელი გამოვლინდა. ამასთან, კომპანიაში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი გამწმენდი მოწყობილობის გამოყენება.
შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა. 2022 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლომ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია” სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საწარმოს ეზღუდება საქმიანობის, მეტალურგიული წარმოების, განხორციელება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს. მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად; ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.