ვახტანგ ძაბირაძე: ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე
“ჩვენ დასავლურ ინტეგრაციაზე მხოლოდ ვლაპარაკობთ და არცერთ ხელისუფლებას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და გვაქვს უვიზო რეჟიმი, ფაქტობრივად, დეკორაციული ნაწილია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში, უპირველესად, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ყალიბდებოდეს, ამას კი არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა.
ანალიტიკოსი ინტერვიუში ოპოზიციის გეგმებსაც გამოეხმაურა.
“ქვეყანაში უპირველესად დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ყალიბდებოდეს, ამას კი არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა. რაც შეეხება 12 პუნქტს, იქნება გარკვეული ნაწილი, რომელზეც ხელისუფლებას არ სჭირდება ოპოზიციური მანდატები, რაღაცას გააკეთებს და შედეგს მხოლოდ თავის თავზე მიითვლის. რაც არ აწყობს, იმის შეუსრულებლობას ოპოზიციას დააბრალებს. ამასობაში დრო გაიწელება და გადაიდება სტატუსის მიღება. საქართველოს შიდაპოლიტიკური ამბები რუსეთ-უკრაინის ომზეა მიბმული.
როგორც ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლებში საყრდენი, ასევე არა აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, წლევანდელი ზამთარი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს დრო გაიყვანოს, ომის შიშითა და დასავლეთის შანტაჟირებით შეინარჩუნოს ვითარება… თუ დააკვირდებით, პროპაგანდა დასავლეთს ომი უნდაო, ნელ-ნელა გავიდა ხელისუფლების პროპაგანდის არეალიდან და შემოვიდა ის, რომ დასავლეთსა და ამერიკას “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოში არასტაბილურობა, სწორედ დასავლეთია, რადგან საქართველო აზიასა და ევროპას შორის დერეფანია. საზოგადოება ამას კარგად ხვდება და არ იმუშავა “დასავლეთს საქართველოში ომი უნდას” ძახილმა. ამას მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის გასაგონადაც ვამბობ, რადგან “ცხელ შემოდგომას” გვპირდებიან, ამის საფუძველი კი არ არის, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. “ცხელი შემოდგომა” გულისხმობს პროტესტის ტალღას, აქციებს. თუ სიტუაცია მოიტანს, “გავრილოვის ღამის” არ იყოს, ეს ისედაც მოხდება, მაგრამ თუ ამის ორგანიზებას აპირებ, უნდა იცოდე, რომ საამისო ბაზა არა გაქვს. ამასთან, ისეთი ლიდერები აანონსებენ “ცხელ შემოდგომას”, დამოუკიდებლად ას კაცს რომ ვერ შეკრებენ რუსთაველზე…
ცხადია, “ნაცმოძრაობაში” გადაჯგუფება მიდის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვის სააკაშვილი, რადგან ამ პარტიის ელექტორატი, ძირითადად, მისი ელექტორატია. ყველას უნდა სააკაშვილის დასაკუთრება, რათა ელექტორატის მხარდაჭერა ჰქონდეს, სააკაშვილი კი ხელისუფლებასთან ვაჭრობს და ჯერ ვერ გაურკვევია, უშვებენ თუ არა სამკურნალოდ. როგორც კი სააკაშვილის ბედი გადაწყდება, ყველაფერი გამოჩნდება.
ოპოზიციამ არ იცის, ამ ორი წლის განმავლობაში რა გააკეთოს, ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ვადამდელ არჩევნებზე, თორემ ამის არანაირი საბაბი ან საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობ, ყბადაღებული 12 პუნქტის შესრულებასაც საპროტესტო მუხტის შესაქმნელად იყენებენ, რომ შემდეგ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდნენ. ამას ხვდება საზოგადოება და ამიტომ არ აქვთ მხარდაჭერა”, – აცხადებს ძაბირაძე.