„დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს აღიარებს“ – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი „არასდროს აღიარებს“ რუსეთის მიერ ყირიმის ან „უკრაინის რომელიმე სხვა ტერიტორიის“ ანექსიას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს კიევის სამხედრო, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამ, სანამ „რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს მთელი უკრაინიდან“.

ჯონსონმა, რომელიც თანამდებობას სექტემბრის დასაწყისში დატოვებს, რუსეთის მიერ 2014 წელს შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსიას დღევანდელი ომის „პირდაპირი წინამორბედი“ უწოდა.

ამასთან, მან კრემლის ლიდერი მრავალი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

„პუტინი გეგმავს მთელ უკრაინაში გააკეთოს ის, რაც მან ყირიმში გააკეთა და უფრო მეტ ანექსიასა და უფრო მეტ ფიქტიურ რეფერენდუმს ამზადებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ერთად დადგნენ, რათა უზრუნველყონ, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაიპყროს ტერიტორიები ან შეცვალოს საზღვრები იარაღის ძალით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები