„რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განმარტა, რატომ არ გამოაცხადა განგაში უკრაინის მთავრობამ რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე მაშინ, როცა შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი მოკავშირეები, რომ ომის რისკი რეალურად არსებობდა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს.

„თუ ჩვენ ამას გამოვაცხადებდით, რაც ზოგიერთ ადამიანს სურდა კიდეც, თუმცა მათ არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან ჩვენ თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როცა რუსები თავს ნამდვილად დაგვესხნენ, სამ დღეში აგვიღებდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა.

„არ გეტყვით, ვინ მოიფიქრა ეს, მაგრამ ზოგადად, ჩვენი ინსტინქტი სწორი იყო – შემოჭრამდე ხალხში ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ, რადგან ქაოსის დროს ხალხი ქვეყნიდან გარბის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები