დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს. შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.