პორტალმა „კვირამ“ დღეს თინა ხიდაშელთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „რა სტატუსით ესწრება უცხოეთში შეხვედრებს შვებულებაში მყოფი ხიდაშელი, პარლამენტში არ იციან“. სტატიაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მექსიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის კი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ხიდაშელიც იმყოფება. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტში იციან და არც იუსტიციის სამინისტროში.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ რა მისიით იმყოფება შვებულებაში მყოფი, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წევრი მექსიკაში. აღმოჩნდა, რომ მისი გამგზავრების შესახებ ინფორმირებული არ არის არც იუსტიციის სამინისტრო და არც პარლამენტის აპარატი. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ხიდაშელს მექსიკაში ორივე შვილი – სანდრო და გიგა უსუფაშვილები ახლავს.
სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მექსიკაში მასპინძელი ქვეყნის მიწვევით იმყოფებიან და სამივლინებო თანხას მთლიანად მექსიკის მხარე ფარავს.
პორტალის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა. „კვირა“ დეპუტატის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“შეგპირდით ერთი თვე არ შეგაწუხებთ-თქო, მაგრამ არ გამოვიდა. დღეს მომწერეს kvira.ge დაინტერესებულა ჩემი ადგილმდებარეობით და მაღალ ინტელექტუალური სტატია დაუწერიათ. გასაგებია მათთვის სიმართლის ცოდნა არ არის, როგორც ჩანს, საინტერესო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომწერდნენ და უცებ გაიგებდნენ, მაგრამ ვინმე რომ შეცდომაში არ შევიდეს.
1. ვიმყოფები მექსიკაში, ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამით ონფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში, ასევე ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად.
2. სასწავლო ვიზიტი ნიშნავს რომ ჩემს სწავლას და ინფორმაციის მიღებას ემსახურება, ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს ღონისძიებებს ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს, მით უფრო დეპუტატებისთვის. შესაბამისად არ ვიმყოფები მივლინებაში, არც ფორმალურად, არც ფინანსურად. მივლინებაში ვარ ხოლმე მაგალითად სტრასბურგში სესიაზე. მესმის რომ რთული გასაგებია ბიუჯეტის წურბელებისათვის, მაგრამ ასეა
3. ვარ შვებულებაში ვინაიდან, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სამუშაო დროის თვალსაზრისითაც ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მხოლოდ ჩემი დროის ხარჯზე უნდა ხდებოდეს, შესაბამისად, თუ რამის სწავლა გინდა შვებულების დროს, ესეც ალბათ რთული გასაგებია
4. ანუ, დამარვცლით არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან, და არც ერთი წამი ჩემი სამუშაო დროიდან ჩემს აქ ყოფნაში არ იხარჯება
5. მადლობა ამერიკულ ორგანიზაციას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ყოფნა.
6. იმედია, შვილები ბიუჯეტის ხარჯზე წაიყვანაო აზრები გაჩენისთანავე გაგიქრებათ.
ისე, გულწრფელად მაინტერესებს ჩემი საქმიანობის რომელმა ეპიზოდმა გაგიჩინათ ეჭვი kvira.ge რომ შვილებს ბიუჯეტის ხარჯზე წავიყვანდი? შემდეგში მსგავსი კითხვები თუ გაგიჩნდებათ, მომწერეთ და არ დაგამადლით პასუხს, ვიცი რომ სამსახური მავალდებულებს“, – აღნიშნა ხიდაშელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში „კვირა“ არაერთხელ შეეცადა დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო. რაც შეეხება „კითხვების გაჩენას“, „კვირას“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუს ჩაწერა წარსულშიც არაერთხელ უცდია, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც უმრავლესობის წევრისგან აქტიური პოლიტიკური მოვლენების შეფასება იყო საჭირო, თუმცა მას პორტალის ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არასოდეს მიუცია. როგორც წესი, ხიდაშელი „კვირას“ ზარებს არ პასუხობს.
იხილეთ სტატიის ბმული: http://kvira.ge