უკრაინის ომში, რუსულ არმიას ყოველდღიურად 500-მდე დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამ ომში საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, რაც 2022 წელს უკრაინის აღმოსავლეთის მთლიან დაპყრობას გულისხმობს.
ამის შესახებ The New York Times-ი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დანაკარგი 20 ათასამდე დაღუპულს ითვლის, აქედან, 5 ათასი, სავარაუდოდ ვაგნერის ჯგუფის დაქირავებულები არიან.
აღინიშნება, რომ დანაკარგი უკრაინულ არმიასაც აქვს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობას არ სურს ციფრების გასაჯაროება, თუმცა აცხადებს, რომ ყოველდღიურად 100-დან 200-მდე სამხედროს კარგავს.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა, თითქმის ათწლეულია რუს სეპარატისტებთან ომის რეჟიმში იმყოფება, მას გამოცდილი ვეტერანების დიდი რეზერვი გააჩნია, რომლებიც ბრძოლისთვის არიან მზად. თუმცა, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე სისხლიან სახმელეთო ომად იქცა.
ასევე, მასალაში საუბარია იმაზე, რომ დანაკარგის ფონზე, არმიის რიგების შევსება პუტინმაც გადაწყვიტა, თუმცა ახალი ძალების საბრძოლო მუხტი “ნაკლებად ეფექტურია”.
როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პროგრამის დირექტორი, სეტ ჯონსი ამბობს, “რუსული არმია სერიოზულად არის დაცლილი, რაც გავლენას ახდენს ხმელეთზე მათ კამპანიაზე”.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რუსები მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან, ისინი მთელი ძალით ცდილობენ ომში რეზერვისტები და წვევამდელები ჩართონ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთმა ომში ცოცხალი ძალის, თითქმის 85% უკვე გაგზავნა, ამაში მან ჩართო შორეული აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში განლაგებული ძალები.
„რუსებს, როგორც ჩანს, დონეცკის სრულად აღებისთვის საკმარისი ეფექტური საბრძოლო ძალები არ ჰყავთ”,- ამბობს სეტ ჯონსი.