აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ მასალებსაც ეძებდნენ.
ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
“ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები იყო იმ ნივთებს შორის, რომლებსაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ეძებდნენ”, – ნათქვამია მასალაში.
გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ინფორმაციას ეძებდნენ აგენტები და ეხება თუ არა ის აშშ-ს ან რომელიმე სხვა ქვეყნის კუთვნილ ბირთვულ იარაღს.
წყაროებს ასევე არ უთქვამთ, ნაპოვნია თუ არა მასალა, რომელსაც ეძებდნენ.
ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა 8 აგვისტოს ჩატარდა. აგენტები ეძებდნენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც ტრამპს, თეთრი სახლიდან მარ-ა-ლაგროს სახლში, შეიძლება ჰქონოდა გადატანილი.
The Washington Post-თან საუბარში ექსპერტები ამბობენ, რომ ჩხრეკა გამოწვეული იყო აშშ-ს მთავრობის სერიოზული შეშფოთებით, რომ ტრამპთან, უკანონოდ შენახული მასალები, შესაძლოა, სხვის ხელში მოხვდეს.
ამასთან, The New York Times-თან საუბარში, ასევე წყარომ თქვა, რომ რეიდი განხორციელდა აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოსავლენად. კიდევ ორმა სხვა წყარომ თქვა, რომ გამომძიებლების აზრით დოკუმენტები, რომლებსაც ისინი მარ-ა-ლაგოში ეძებენ კონფიდენციალურ ხასიათს ატარებენ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული.