ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის – უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე მისსავე სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება უოტერგეიტის სკანდალისგან არაფრით განსხვავდება.

„ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩემი მშვენიერი სახლი პალმ ბიჩში ამჟამად ალყაშია და FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ არის დაკავებული. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. შესაბამის სამთავრობო უწყებებთან მუშაობისა და თანამშრომლობის შემდეგ, ჩემს სახლში ეს გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო ან მიზანშეწონილი.

ეს არის პროკურატურის მხრიდან გადაცდომა, მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და რადიკალური მემარცხენე „დემოკრატების“ თავდასხმა, რომლებსაც სასოწარკვეთილად არ სურთ ჩემი კანდიდატურა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. […] ისინი ყველაფერს გააკეთებენ „რესპუბლიკელებისა“ და კონსერვატორების შესაჩერებლად კონგრესის შუალედურ არჩევნებში.

ასეთი თავდასხმა მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, უპრეცედენტო კორუფციით.

პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური დევნა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა […] ის [პოლიტიკური დევნა] უბრალოდ არასდროს დასრულებულა.

[მ]ე წინ აღვუდექი ამერიკის ბიუროკრატიულ კორუფციას, დავუბრუნე ხალხს ძალაუფლება. ისტებლიშმენტს ეს სძულდა. ახლა, როდესაც ხედავენ ჩემს დომინირებას ყველა გამოკითხვაში, ისინი ცდილობენ კიდევ ერთხელ შემაჩერონ. უკანონობა, პოლიტიკური დევნა და კუდიანებზე ნადირობა უნდა გამოაშკარავდეს და შეწყდეს. მე გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის!“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები