სენატორი მარკო რუბიო ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში
სენატორი მარკო რუბიო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
„სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება არის ის, რაც ბევრჯერ გვინახავს მარქსისტულ დიქტატურებში, თუმცა არასდროს გვინახავს ამერიკაში“, – წერს „რესპუბლიკელი“ სენატორი Twitter-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.