GDS-ზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გადაცემა აღარ გავიდეს – ტელეკომპანიის განმარტება
ტელეკომპანია GDS-ზე საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქ-შოუ, რომელიც ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა წაეყვანა, შესაძლოა აღარ გავიდეს. ამის შესახებ „კვირას“ ტელეკომპანიის არტდირექტორმა ლევან დაბრუნდაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტოქშოუ იდეის დონეზე განიხილებოდა და მისი დანამდვილებით განხორციელება გადაწყვეტილი არ იყო. GDS-ის არტდირექტორი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული იდეის განხილვა საერთოდ შეჩერდეს.
„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ეს იყო სამუშაო პროცესი. ეს პროექტი დღემდე სამუშაო რეჟიმში იყო, ან გაკეთდებოდა, ან არა. ეს იყო იდეის დონეზე, რომელიც მუშავდებოდა და შეიძლებოდა, ეს გადაცემა გაკეთებულიყო. იდეა იდეად დარჩება, განხორციელდება, თუ არა არ ვიცი. გადაწყვეტილი არ ყოფილა და არც არსად არ თქმულა, რომ ეს აუცილებლად გაკეთდებოდა. შესაძლოა, გაჩერდეს ეს იდეა“, – განაცხადა დაბრუნდაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ 7 ივლისს ტელეკომპანია GDS ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტელეკომპანიამ დაადასტურა, რომ არხზე საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქშოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა.
„ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქშოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული ტოქშოუ, საეთეროდ GDS Production-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო. ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და, ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია GDS-ი საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქშოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება”, – აცხადებდნენ ტელეკომპანიაში.