გიორგი კალანდარიშვილი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ვერ ვიტყვი რა გავლენის ქვეშ მოექცა, უხერხულია, ამაზე საუბარი, თუმცა ერთი ისაა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული
“ვფიქრობ, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი პოლიტიკური ზეწოლისა და წნეხისა იმის თაობაზე, რომ ეს შესარჩევი კონკურსი და პროცესი შეჩერებულიყო, ან ჩავარდნილიყო”,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად არ დასახელდა – პოლიტიკურია.
„ფაქტობრივად, ჩვენი მოლოდინი გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფრის მიღმა იყო პოლიტიკური მოტივი და გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში, ინსტიტუციას პოლიტიკური დარტყმების ქვეშ აყენებს. კარგად ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ მთელი რიგი პოლიტიკური ინსინუაციები გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად საფრთხილო და ფაქიზია იმისთვის, რომ ინსტიტუცია ასეთი ტიპის დარტყმების ქვეშ არ დადგეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ დასახელდა პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა კანდიდატთა მიმართებით მაშინ, როდესაც ზოგადად, კონსენსუსის საკითხი და გადაწყვეტილების საკითხი ეს უკვე საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციის ნაწილია და იქ მიიღება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. მით უმეტეს, იმ ფონზე, პირადად ჩემს შემთხვევაში, მხარდამჭერთა რაოდენობა დინამიკაში თუ შევხედავთ, ეს აბსოლუტურად მზარდი იყო. მეორე არჩევისას მე მრავალპარტიული მხარდაჭერა მქონდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე იმაზე აპელირება, რომ პოლიტიკური კონსენსუსი არ იარსებებდა, ბუნებრივია, საფუძველს მოკლებულია.
ვფიქრობ, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მთელი რიგი პოლიტიკური ზეწოლისა და წნეხისა იმის თაობაზე, რომ ეს შესარჩევი კონკურსი და პროცესი შეჩერებულიყო, ან ჩავარდნილიყო, რომ ის თითქოს, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ზეწოლებსაც ჰქონდა გარკვეული ტიპის გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. ვერ ვიტყვი რა გავლენის ქვეშ მოექცა, უხერხულია, ამაზე საუბარი, თუმცა ერთი ისაა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.