ურეკში ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

  ურეკში წელს ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, გასულ წელთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია. განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან. სასტუმრო “ალბატროსის” მეპატრონის, მედეა ხუჭუას ინფორმაციით, სეზონზე სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს.
“ივლისში ბევრი დამსვენებელი მივიღეთ, ჩვენს სასტუმროს, ძირითადად, უცხოელები სტუმრობენ. წელს 2013 წელთან შედარებით ჩვენთან რუსეთიდან 40%-ით, უკრაინიდან 30%-ით მეტი დამსვენებელი შემოვიდა. აგვისტოში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა აზერბაიჯანიდანაც. სექტემბრისთვის ფასები დაიკლებს, შემოდგომაზე უფრო მეტ ქართველ დამსვენებელს ველოდებით”, – აცხადებს მედეა ხუჭუა.
ურეკში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე სასტუმრო “ევკალიპტის” მეპატრონე აკაკი ფანჩულიძეც საუბრობს.
“ორჯერ გაიზარდა დამსვენებლების რაოდენობა. ამიტომ ჩვენ სასტუმროს გაფართოებას ვგეგმავთ. მომავალ წელს უფრო მეტი ნომერი გვექნება. ყოველდღე ჩვენთან დაახლოებით 20 ოჯახი შემოდის, რომელსაც ნომრის აღება სურს, მაგრამ ადგილები ფიზიკურად აღარ არის. უცხოელი ტურისტები, ძირითადად, ბელორუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოდიან, ასევე – ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, წელს გვყავდა ტურისტები პოლონეთიდან, ბელგიიდან. განსაკუთრებით მზარდია ტურისტების ნაკადი უკრაინიდან”, – აცხადებს ფანჩულიძე.
ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ სასტუმრო “თბილისშიც”. ურეკში სასტუმროების ფასი ერთ ადამიანზე 50-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერვისში შედის სამჯერადი კვება, ე.წ. შვედური მაგიდით. კერძო ბინებში კი ერთი ადგილი დაახლოებით 15-30 ლარი ჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები