ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მეექვსე თვეში უკრაინელებმა აჩვენეს, რომ აქვთ საპასუხო დარტყმისა და ტერიტორიების დაბრუნების უნარი.
ამის შესახებ მან მშობლიურ ნორვეგიაში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ ომში ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას, კონფლიქტი ნატო-რუსეთის სრულმასშტაბიან ომში გარდაიქმნას.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.
“რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის სასტიკი და სისხლიანი ომი. რუსების წინსვლა კვლავ შეჩერდა. უკრაინელებმა კი აჩვენეს საპასუხო დარტყმის მიყენების და ტერიტორიების დაბრუნების უნარი, ისინი სამხრეთით კონტრშეტევას გეგმავენ”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ბლოკის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის ფასს იხდიან. თუმცა, მისი გაზომვა შესაძლებელია ფულით, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანების სიცოცხლეებით იზომება.