პაპუაშვილი – ომბუდსმენის არჩევაზე: კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, ცალკე ვერანაირ გადაწყვეტილებას მივიღებთ

წლის ბოლოს უნდა ავირჩიოთ ომბუდსმენი. ძალიან ცხადად ვთქვით, რომ პირველ სექტემბრამდე იქნება ოპოზიციისთვის ისეთი პროცედურის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი შეარჩევს, თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის. 90 ხმა არის საჭირო. ჩვენ ცალკე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ამიტომ, საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ეს დემოკრატიის ნაწილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო და თანხმობა, ჩვენ შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატი იყოს ყველასთვის. პროცედურა უნდა იყოს ღია, იყოს განხილვები და რაღაცამდე უნდა მივიდეთ.

განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელსაც უკვე თავისი კანდიდატები შეიძლება, ჰყავს, ჩვენ ჩვენი კანდიდატები არ გვყავს. ჩვენ ვამბობთ, რომ კანდიდატი ან ომბუდსმენი უნდა იყოს თანაბრად მისაღები ჩვენთვისაც და მათთვისაც. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც იქნება მათთვის მისაღები. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ ისეთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით რაც საჭიროა, არჩეულ იქნეს ადამიანი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ყველასთვის. შესაძლოა, 100-პროცენტიანი თანხმობა არ არსებობდეს, 150 დეპუტატი არ იყოს მომხრე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატის თანაბრად მისაღებობას, მათ შორის პროცესის გამჭვირვალობას. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ნაბიჯებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები