“2024 წლისთვის ფსოუს საგუშაგო შესაძლოა, აღარ იყოს, რუსებს თავისუფალი გადაადგილება სჭირდებათ” – ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მდებარე ფსოუს სასაზღვრო გამშვები პუნქტის არსებობა უკვე არქაულია და არ შეესაბამება იმ “ძმურ ურთიერთობებს, რომელიც აფხაზეთს და რუსეთს შორის არსებობს”.

ამის შესახებ მან Telegram-არხთან ​ “Sputnik ახლო საზღვარგარეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„ამიტომ, ჩვენ შორის ასეთი საგუშაგოს არსებობა, ვფიქრობ, არქაულია და არ შეესაბამება ჩვენი ძმური ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპს“, – განაცხადა ე.წ. სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, 2014 წლის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაში” არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის თავისუფალი გადაკვეთის უზრუნველყოფას.

“ეს პუნქტი, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ განხორციელებულა და ჩვენ გვინდა მისი განხორციელება”, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი პროგნოზით, ამ საკითხის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

„ვფიქრობ, 2024 წლისთვის საგუშაგოზე ვითარება შეიცვლება. ამის იმედი მაქვს იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ხალხი საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში დგას. ეს არ არის კარგი ასევე იმიტომ, რომ ის, ვინც საზღვარს კვეთს, მათი 99% რუსეთის მოქალაქეა. ჩვენ ასევე გვაქვს რუსეთის მოქალაქეობა, აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას და საგუშაგოს რეჟიმი არ არის გამართლებული”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები