ჩინეთის საგარეო უწყება ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთი მკაცრად გმობს აღნიშნულ ვიზიტს და აცხადებს, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია.

„მას მძიმე გავლენა ექნება ჩინეთ-აშშ-ის პოლიტიკურ ფუნდამენტსა და ურთიერთობებზე. ეს ვიზიტი სერიოზულად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეზე. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება, მკაცრად გმობს მას და მწვავე პროტესტს უცხადებს შეერთებულ შტატებს.

ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს.

ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ საკითხში ისე იმოქმედოს, როგორც მოსამართლემ. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ტაივანისა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა“, – აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები