პილოტი: ჩემი აზრით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნა ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის – ტექნიკის გაუმართაობა გამორიცხულია
ჩემი აზრით, ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ პილოტმა, შამილ ქორთოშიძემ 29 ივლისს, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხულია, რომ უბედური შემთხვევა ტექნიკის გაუმართაობის ბრალი ყოფილიყო.
„ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა და ალბათ, ამ მომენტში გაძლიერდა და შოულმფრენის მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, ცოტათი უფრო კლდისკენ გადაიწია და ამან გამოიწვია. კლდესთან ისედაც ახლოს იყო, იმიტომ რომ პარაპლანისტი ისეთ ადგილზე იყო, რომ მის დასახმარებლად ვერტიკალურად მაღლა უნდა ყოფილიყო, რომ პარაპლანისტამდე ბაგე ჩაეშვათ. ახლოს იყო და ამ ქარის შეცვლამ და შოულმფრენის მდგომარეობის შეცვლამ უკანა ხრახნის კლდესთან შეჯახება გამოიწვია, რამაც უკანა ხრახნი დააზიანა. ჩემი აზრით, ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის.
ტექნიკას, ტექნიკის სიძველეს, ან რესურსების არ ქონას ნუ დავაბრალებთ, იმიტომ რომ კადრებშიც კარგად ჩანს რომ ტექნიკა იდეალურად მუშაობს. ეს ყველაფერი შეჯახების შემდეგ დაირღვა. უბრალოდ ავიღოთ მანქანა და იმ ძველ მანქანას ყველა დეტალი გამოუცვალოთ და იგივე სამუშაოს შეგისრულებს, რასაც ახალი მანქანა. ამ დროს უკეთესია ახალი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად ახალს ხომ ვერ შევიძენთ. მუშა მდგომარეობაში იყო, რესურსიც ჰქონდა და ყველაფერი, ტექნიკის ბრალი გამორიცხულია“, – განაცხადა შამილ ქორთოშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.