ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე “ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის” დააკავა.
ამის შესახებ ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ე.წ. გამოძიების მტკიცებით, თაკალანძე “საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა, აგროვებდა და გადასცემდა მათ აფხაზეთში კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას”.
როგორც აღინიშნება, სავარაუდოა, რომ მიღებულ ინფორმაციას “ქართული მხარე აფხაზეთის უსაფრთხოების და მისი სუვერენიტეტის საზიანოდ გამოიყენებდა”.
ე.წ. უწყების განცხადებითვე, ამოღებული საკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, “საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება ჯაშუშობის მუხლით დაიწყო”.