ნიკოლოზ სამხარაძე: ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს
“უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეიძლება – ჩაითვალოს, რომ არახამიას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ცდილობდნენ, საქართველოს იმიჯი მიზანმიმართულად დაეზიანებინათ, თუმცა, ახლა იმის გამო აღშფოთდნენ, რომ თურმე რაღაც ფაქტები გაჩნდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იარაღის გაყიდვაზე, რაც არის ორმაგი სტანდარტი. უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება, ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.