კიევმა მარცვლეულის შეთანხმების დეტალები გაამხილა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბოლის შეთანხმების დეტალები გაამხილა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან კი არ აფორმებს რაიმე დოკუმენტებს, არამედ – თურქეთსა და გაერო-სთან, “შესაბამისად, ვალდებულებებს მხოლოდ მათ წინაშე ვიღებთ”.
როგორც მან Twitter-ში დაწერა, რუსეთიც ანალოგიურ შეთანხმებას ასევე თურქეთსა და გაერო-სთან აფორმებს.
გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, უკრაინის პორტებში რუსული გემებით ტრანსპორტირება და რუსეთის წარმომადგენლების ყოფნა არ იქნება, საჭიროების შემთხვევაში, გემების შემოწმებას ერთობლივი ჯგუფები თურქეთის წყლებში განახორციელებენ.
„პროვოკაციების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იქნება სამხედრო პასუხი“, – დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.
თავის მხრივ, კრემლმა დეტალების გახმოვანება არ ისურვა. როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, “მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”.
მან ასევე დაადასტურა, რომ სტამბოლში შეთანხმების ხელმოსაწერად რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩავიდა.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი დღეს სტამბოლში მოეწერება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი და გაერო-ს გენერალური მდივანი დაესწრებიან.