“მოდით, შევჩერდეთ.. შემდეგ არის ბირთვული ომის უფსკრული” – ლუკაშენკო უკრაინის ომზე
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ თუ დასავლეთს მოუნდება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი “კარგად დასრულდება”.
ამის შესახებ მან France-Presse-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საუბრის დასასრულ, ლუკაშენკომ თქვა, რომ მომავალს ოპტიმიზმით უყურებს, “იმიტომზ რომ მეც თქვენსავით მყავს შვილები. არ შემიძლია, არ ვიყო ოპტიმისტი. მე მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სხვანაირად იცხოვრონ. უკეთესად იცხოვრონ. ეს არის ჩემი ოპტიმიზმის საფუძველი“.
კითხვაზე, “ყველაფერი კარგად დასრულდება?”, ბელარუსის პირველმა პირმა თქვა, “თუ ამას მოინდომებთ, კარგად დამთავრდება”.
“თქვენთვისაც კი მოულოდნელად სწრაფად დასრულდება. ისარგებლეთ ამ მომენტით ნატო-ელებმა, ამერიკელებმა. განსაკუთრებით – ევროპელებმა. მისმინეთ, რატომ ჩააყენეთ ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ხალხი ევროპაში – ფრანგები, გერმანელები და სხვები?! რატომ? მოდით, მშვიდობიანად ვიცხოვროთ!”, – თქვა მან.
ლუკაშენკომ მოუწოდა, შეწყვიტონ “უკრაინაში ომი და ოპერაცია”.
“მოდით, გავჩერდეთ და მერე გავერკვეთ, თუ როგორ ვიცხოვროთ. იქნებ, დადგება დრო, როდესაც ხალხს საზღვრებიც არ დასჭირდება. ყველაფერი აქამდე მიდიოდა. თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. საზღვრები პირობითობას წარმოადგენდა. ამიტომ, შევჩერდეთ. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა. შემდეგ ბირთვული ომის უფსკრულია. არ არის საჭირო იქამდე წასვლა”, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.