“დონეცკი და ლუგანსკი დე ფაქტო აღიარებული გვაქვს, თუ საჭირო გახდა, განკარგულებასაც გამოვცემთ” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს, ასევე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის განკარგულებასაც გამოსცემს.

ამის შესახებ მან AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აღიარება „არც ლუგანსკს, არც დონეცკს და არც ყირიმს არაფერს შემატებს“.

“მაგრამ თუ ყირიმს, ლუგანსკს, დონეცკს დასჭირდება საკვები, აგური, ცემენტი, აღდგენა და ასე შემდეგ, მათ დავეხმარებით. თუ საჭირო იქნება – ვაღიარებთ. თუ ამას რაიმე მნიშვნელობა ექნება. მაგრამ რა აზრი აქვს დღეს, ვაღიარებ თუ არა მათ საჯაროდ. ფაქტობრივად, მათთან ვთანამშრომლობთ”, – განმარტა ლუკაშენკომ.

როგორც ბელარუსის პირველმა პირმა დააზუსტა,  „დე ფაქტო ვაღიარეთ, რომ არსებობს ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი, რადგან მათთან ვთანამშრომლობთ“.

“თუ საჭირო იქნება – პრეზიდენტის ბრძანებულებით ვაღიარებ. მაგრამ ახლა ეს დამატებით არაფერს მოგცემთ. ისევე, როგორც ამბობენ: “იბრძოლებს თუ არა ლუკაშენკო უკრაინაში?”. ამჟამად იქ უბრალოდ არ არის ჩვენი საჭიროება. იგივეა ლუგანსკის, დონეცკის და ყირიმის შემთხვევაში“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები