აშშ-ის დაზვერვამ უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგი შეაფასა

შეერთებული შტატების შეფასებით, უკრაინაში, დაახლოებით, 15 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და შესაძლოა, 45 ათასი დაჭრილი იყოს, – განაცხადა ​CIA-ს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა და თქვა, რომ კიევმაც განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები.

ამის შესახებ მან კოლორადოში, ასპენის ინსტიტუტის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.

„ამერიკის დაზვერვის უახლესი შეფასებით, მოკლულია, დაახლოებით, 15 ათასი რუსი სამხედრო და, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია დაჭრილი. ეს საკმაოდ სერიოზული დანაკარგებია“, – თქვა ბერნსმა და დასძინა, რომ „უკრაინელებმაც განიცადეს დანაკარგები, შესაძლოა – ცოტა ნაკლები, მაგრამ სერიოზული დანაკარგი“.

შედარებისთვის, საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის დროს, დაახლოებით, 15 ათასი სამხედრო დაკარგა და 54 იყო დაჭრილი.

რუსეთი დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. უკანასკნელი მონაცემით, რომელიც მარტში გასაჯაროვდა – დაახლოებით, 1,3 დაღუპული ჯარისკაცი ჰყავდა.

კიევში კი აცხადებენ, რომ რუსული არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი, დაახლოებით, 38,5 ათას ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები