ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას და „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას მოიცავს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო „სბერბანკის“ აქტივები გაიყინება“, – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, სანქციების მეშვიდე პაკეტი სანქცირებულთა სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე, ასევე ნავთობის ფასის შეზღუდვაზე“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.