რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირმა 2023 წლის მარტის ბოლომდე გაზის მოხმარება 2016-2021 წლებთან შედარებით 15%-ით უნდა შეამციროს.
აღნიშნული წინადადება ევროკომისიამ „უსაფრთხო ზამთრისთვის გაზის დაზოგვის“ გეგმის ფარგლებში წარადგინა.
ამ დროისთვის, ევროკავშირის ქვეყნებს ამ ნაბიჯის გადადგმას ნებაყოფლობით საფუძველზე სთავაზობენ, თუმცა, ეს ზომა შესაძლოა, იურიდიულად სავალდებულო გახდეს, თუ რუსეთი ნამდვილად შეწყვეტს გაზის მიწოდებას.
ასეთ შემთხვევაში ევროკომისიას მიეცემა უფლება, წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით განგაში გამოაცხადოს.
ევროკომისიის წინადადება წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული.
დიპლომატები წინადადებას 22 ივლისს განიხილავენ, ხოლო წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ზომის დამტკიცება უკვე მომდევნო კვირას, 26 ივლისის შეხვედრაზე შეძლებენ.