ლავროვი “სპეცოპერაციის” გეოგრაფიის გაფართოებით დაიმუქრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან შორი მანძილის მოქმედების მძიმე იარაღს მიიღებს, “სპეცოპერაციის გეოგრაფია შეიცვლება”.​

ამის შესახებ მან კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია – არის ამოცანები, რომლებიც შენარჩუნებულია”, – თქვა მან.

ამასთან, მან გაიხსენა, რომ მარტის ბოლოს სტამბოლში მომლაპარაკებლების შეხვედრისას ამ საკითხთან დაკავშირებით ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო.

“ახლა განსხვავებული გეოგრაფიაა. ის არა მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებია, არამედ – ხერსონის, ​ზაპოროჟიეს ოლქებია და რიგი სხვა ტერიტორიები. ეს პროცესი გრძელდება და გრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით”, – განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

მან აღნიშნა, რომ იმის პარალელურად, რაც დასავლეთი, “უძლური გაბრაზებით ან სიტუაციის რაც შეიძლება დამძიმების სურვილით, სულ უფრო მეტ შორი მანძილის მოქმედების იარაღს აწვდის უკრაინას”, მაგალითად, HIMARS, “სპეცოპერაციის გეოგრაფია ამჟამინდელი ხაზიდან უფრო შორს გადაინაცვლებს”.

„რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს, იყოს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიას და იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – მათ, ვისაც სურს საკუთარი მომავალი, თვითონ განსაზღვროს,“ – დაასკვნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები