შრი-ლანკის პარლამენტში პრეზიდენტს ირჩევენ

შრი-ლანკის პარლამენტში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის კენჭისყრა მიმდინარეობს.

ინტერნეტპორტალ Adaderan-ს ინფორმაციით, კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს სიტყვით პარლამენტის გენერალურმა მდივანმა, დჰამიკა დასანაიაკემ მიმართა, რომელმაც, 1981 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანონის სპეციალური ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის ინსტრუქცია წაიკითხა.

შრი-ლანკაში საყოველთაო არჩევნების ნაცვლად პრეზიდენტს საპარლამენტო კენჭისყრით მაშინ ირჩევენ, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს.

ქვეყნის პრეზიდენტი გახდება ის კანდიდატი, რომელიც 224 დეპუტატიდან ხმების 50%-ს ან მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას, გათვალისწინებულია ორი კანდიდატიდან არჩევის განსაკუთრებული პროცედურა.

შრი-ლანკის პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობა 13 ივლისს – ხალხის ზეწოლის ფონზე დატოვა.

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 9 ივლისს ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტის, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუირება შეძლეს.

არეულობის დროს, სულ მცირე, 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – პოლიციელები და ჟურნალისტები.

ქვეყნის პარტიების ლიდერებმა საგანგებო სხდომის დროს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს; ასევე, მათი განცხადებით, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად პარლამენტის თავმჯდომარე იყოს დანიშნული; 30 დღის განმავლობაში მოხდეს პარლამენტის წევრებიდან მთავრობის მეთაურის არჩევა; დაინიშნოს დროებითი მრავალპარტიული მთავრობა და უახლოეს დროში ვადამდელი არჩევნები.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი 13 ივლისს გადადგება, ხოლო პრემიერმინისტრი, რანილ ვიკრემესინგე მხოლოდ ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს პოსტს.

შრი-ლანკა, 1948 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

ტურიზმის სექტორი პანდემიამ დააზარალა, რის გამოც ქვეყანას საკმარისი საწვავის შეძენა არ შეუძლია.

გარდა ამისა, ქვეყანაში საკვების, პირველადი მოხმარების ნივთების, მედიკამენტებისა და გაზის დეფიციტია.

შრი-ლანკის ბევრ რაიონს, საწვავის დეფიციტის გამო, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ამავდროულად, ქვეყნის საგარეო ვალი 51 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები