„მესამე ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია“ – უნგრეთმა უკრაინაში იარაღის ტრანზიტთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევენტე მაგიარი აცხადებს, რომ უნგრელები მზად არიან, თავიანთ ტერიტორიაზე გაატარონ ყველა ის დახმარება, რომელსაც სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ გაოცებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ნამდვილად თანავუგრძნობთ მათ. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ ვებრძოლეთ რუსეთს. ბევრი დასავლელი პარტნიორისგან განსხვავებით, ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ. თავად უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებს, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, თუმცა მესამე ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა მაგიარმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთი აქამდე უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად თავისი ტერიტორიის გამოყენების წინააღმდეგი იყო. უნგრეთმა ასევე უარი თქვა უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაში მონაწილეობაზე, რათა ამიერკარპატიაში მცხოვრები უნგრელებისთვის საფრთხე არ შეექმნა.