ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს, კატრინ გიორინგ-ეკარდტს თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ისაუბრეს. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე, რაზეც ქართველი კანონმდებლების მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ხელისუფლების მზაობას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გერმანელი კოლეგა დაინტერესდა თუ რა განწყობებია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით როგორც ზოგადად, საზოგადოებაში ასევე, პოლიტიკურ ელიტაში.

„ჩვენ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ რადგან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი თუმცა, ასევე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ავუხსენით მას, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული და გამოვთქვით დიდი იმედი, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, რაზეც იყო პასუხი, რომ თუ ჩვენ ყველა ამ საკითხს შევასრულებთ, მაშინ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გერმანიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა გვექნება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, გერმანელი კოლეგებისთვის გაეცნოთ პოზიციები და ის ხედვა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს.

„გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის შიგნით საქართველოს დაუჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცესპიკერის მხრიდან ცალსახად იქნა დაფიქსირებული, რომ საქართველო არის გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე აღინიშნა, რომ გერმანიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები