“ამერიკა საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი ხდება” – მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი მთელს მსოფლიოში კრიმინალების ხელით გავრცელდება.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
„მალოროსიისთვის ამჟამად მიწოდებული ამერიკული იარაღი მთელს მსოფლიოში სხვადასხვა კრიმინალის ხელით გავრცელდება. უფრო სწორედ, უკვე ვრცელდება, ამერიკის ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების „მფარველობით“. ფაქტობრივად, ამერიკა კიდევ ერთხელ ხდება საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი“, – წერს მედვედევი Telegram-არხში.
მედვედევი ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროების “ქაბულ-ყანდაღარული კორუფციული ექსპერიმენტები დასრულდა, მესამე ქვეყნებში იარაღის გაყიდვის “ნაცრისფერი სქემები” – არა”.
მედვედევის მტკიცებით, “შეერთებულ შტატებს ახალი ავღანეთი სჭირდება, რომელსაც უკრაინა სწრაფი ტემპებით ემსგავსება”.