გია ვოლსკი: ევროკომისიის გადაწყვეტილება იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება

„ევროკომისიის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განხილვა უნდა მოხდეს მოგვიანებით და საქართველოში ცაიტნოტური სიტუაციის შექმნა არ არის აუცილებელი, იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც, სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია სწორ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს.

ევროკომისიამ ჩათვალა, რომ მათ მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ დაძაბულობის შექმნაში. რასაკვირველია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მთავარია საქმიანი ურთიერთობა და ქართველი ხალხისთვის სიკეთის მომტანი გადაწყვეტილებების მიღება და არა – პოლიტიკურ პარტიებს შორის ჭიდილი, რაშიც რადიკალური ოპოზიცია არათუ გამოირჩევა, არამედ საგანგებოდ მოქმედებს და სტრატეგია არ შეუცვლია, რაც არის დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და შესაძლო რევოლუციური სცენარის განვითარება. ევროკომისია სწორ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ გრაფიკიდან ამოვარდებით ან დავარღვევთ, რაც ირაკლი კობახიძემ გეგმის სახით წარმოადგინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა  მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ – 2023 წელს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები