„შედარებით იაფ რუსულ გაზზე ქვეყნის ნაწილის გაყიდვას არ ვაპირებ“ – მაია სანდუ მოსახლეობას რთული ზამთრისთვის ამზადებს

მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანას ზამთრის სეზონზე ენერგორესურსების ეკონომიის რეჟიმზე გადასვლა მოუწევს, რადგან არ აპირებს ქვეყნის ნაწილის გაყიდვას “შედარებით იაფი რუსული გაზის სანაცვლოდ”.

ამის შესახებ მან “მოლდოვა 1”-ის ეთერში განაცხადა.

მაია სანდუს თქმით, მოლდოვამ “გაზპრომთან” კონტრაქტს ხელი იმ დროისთვის ხელსაყრელი პირობით მოაწერა.

”არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ეს უნდა დავიცვათ. დიახ, ეს ყველასთვის რთულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ალტერნატივას არ ვეძებდით, ენერგეტიკულ პროექტებში არ ვდებდით ფულს – უბრალოდ, მაშინ ამ საკითხით დაინტერესებული არ ვიყავით”, – თქვა მან.

მოლდოვის პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს უსაყვედურა წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ თავად არ მოაწერეს ხელი “გაზპრომთან” გრძელვადიან ხელშეკრულებას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და “ემსახურებოდნენ მოსკოვს და არა – საკუთარ მოქალაქეებს”.

“მათ ვერ შეძლეს და ჩვენთვისაც არის შეუძლებელი. არ არის საბაზრო პირობები. საბაზრო ფასი არ არის, სპეკულაციურია. იქმნება გარემოება, რომ გაზის ფასი ზედმეტად მაღალი იყოს”, – განაცხადა მაია სანდუმ.

მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება და მოლდოვაც ამისთვის უნდა იყოს მზად.

მისივე თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები