უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფხენიანის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობას, უკრაინის კონსტიტუციის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული საოკუპაციო რეჟიმების „სუბიექტურობის“ აღიარება ბათილად ითვლება, არ ექნება სამართლებრივი შედეგები და არ შეცვლის უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.