კრწანისის ტყე-პარკში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ღობის პერიმეტრი გამწვანდა, მოეწყო დეკორატიული სკვერები და სარწყავი სისტემები. ტყე-პარკში სხვადასხვა სახეობის 1073-მდე მწვანე ნარგავი დაირგა და ბალახის საფარიც დაიგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მულჩირების სამუშაოებიც განხორციელდა.
ტერიტორიაზე, როგორც წითელი ნუსხის, ასევე, დეკორატიული მოყვავილე და მარადმწვანე მოზრდილი მცენარეები დაირგო, მათ შორის, ძელქვა, თელა, წაბლი, ლაფანი, ელდარის ფიჭვი, ნეკერჩხალი, ირმის რქა, ხემარწყვა, ოლეანდრა შტამპზე, იაპონური სოფორა, ლიმონის კვიპაროსი ბურთის და სპირალის ფორმის, ფოტინია ბურთის ფორმის, ფიტოსპორუმი, ფშატი, წყავი, ღვია გართხმული, ტუია ნანა, იაპონური კვიდო, მინდვრის ნეკერჩხალი, ლოროპეტალუმი, ლავანდა ბურთის ფორმის, ჩიტავაშლა, წივანა, ჟასმინი და ნანდინა. პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” 2021-2024 წლებში განხორციელდება, რომელიც დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტი 2 919 714 ევროა.

პროექტის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება, რომელიც იმგვარად მოეწყობა, რომ არსებული ეკოსისტემა შენარჩუნდეს და აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები