ფოტოს გადაღებაზე უარი და სრული იზოლაცია – ლავროვი G20-ის შეხვედრას დროზე ადრე ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბალიზე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას ვადაზე ადრე ტოვებს.

ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ თქვა.

„ლავროვი ჯერ კიდევ აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ პრესასთან ისაუბრებს და გაემგზავრება“, – თქვა მან.

ლავროვის ვადაზე ადრე წასვლა ნიშნავს, რომ რუსეთის დიპლომატი არ მიიღებს მონაწილეობას ოფიციალურ სადილსა და G20-ის შეხვედრებში დღის მეორე ნახევარში.

კონფერენციის დასაწყისშივე, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვის გამო, ტრადიციულ ერთობლივ ფოტოზე უარი თქვეს.

ლავროვმა G20-ის შეხვედრების დარბაზი საკუთარი გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა და არ დაელოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნალენა ბაერბოკის გამოსვლას, რომელიც ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე ამბობდა, რომ ინდონეზიაში ლავროვის იზოლაციისთვის ყველაფერს გააკეთებს და იპოვის ”ძალიან მკაფიო სიტყვებს იმის სათქმელად, რომ ჩვენ არ დავეთანხმებით საერთაშორისო სამართლის დარღვევას“.

მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში არც ის და არც “დიდი შვიდეულის” სხვა მინისტრები რუს კოლეგასთან ტრადიციული ორმხრივი შეხვედრების გამართვას არ აპირებდნენ.

„ის, ვინც ჩვენს საერთაშორისო მშვიდობიან წესრიგს ბომბავს, არ უნდა ელოდებოდეს, რომ ჩვენ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ“, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები