FT: ბრიტანეთის ახალ პრემიერს სექტემბერში აირჩევენ

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ახალი პრემიერმინისტრის არჩევას სექტემბრის დასაწყისში გეგმავს, როდესაც თემთა პალატა ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნდება.

ამის შესახებ FT პარტიის დეპუტატებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ, თანამდებობიდან ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, პარტიის ახალი ლიდერის ასარჩევად შიდა კონკურსი გამოცხადდა, რომელსაც შემდგომ პრემიერად დედოფალი დანიშნავს. რბოლის გეგმები 11 ივლისს, ე.წ. „1922 წლის კომიტეტის“ სხდომაზე დამტკიცდება.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველში კონსერვატიული დეპუტატები კანდიდატთა გრძელ სიას ორამდე შეამცირებენ. ამას მოჰყვება პარტიის 100 000 წევრს შორის კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მომავალ ლიდერს განსაზღვრავს.

„1922 წლის კომიტეტის“ უფროს წევრებს კონკურსის საპარლამენტო ეტაპის დასრულება 21 ივლისამდე, არდადეგების გამოცხადებამდე სურთ.

კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე კანდიდატმა უკვე გამოთქვა.

მათ შორის არის “ბრექსიტის” მომხრე გენერალური პროკურორი, სუელა ბრევერმანი.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ეფექტურმა ორგანიზატორმა და ყოფილმა მინისტრმა, სტივ ბეიკერმა განაცხადა, რომ მას კოლეგა-დეპუტატებმა „სთხოვეს“ კენჭისყრა, მაგრამ კანდიდატად თავის დასახელება არ ისურვა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში განაცხადს გააკეთებენ საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიზ ტრასი, კანცლერი – ნადიმ ზაჰავი, ყოფილი კანცლერი – რიშ სუნაკი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი – საჯიდ ჯავიდი, თავდაცვის მდივანი – ბენ უოლესი.

ბორის ჯონსონმა თანამდებობა 7 ივლისს, სექსუალური სკანდალის ფონზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები