ირაკლი კობახიძე: ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული – 2%-იანი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს

ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბარიერის დაწევა წმინდა პოლიტიკურ საკითხად რჩება და ის მმართველი გუნდის მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.

“დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები