მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ” ორგანიზატორები მართავდნენ, დასრულდა.
აქტივისტები დილიდან ცდილობდნენ, კანცელარიის ტერიტორიაზე ხმაური ყოფილიყო, რის გამოც აქცია დასარტყამი ინსტრუმენტების, სტვენის და განგაშის სიგნალის ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, მათი შეკრების მიზანი იყო, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხალხის ხმა მიეწვდინათ.
ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. გარდა ამისა, დღეს დილით აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა, ე.წ პარკინგის ტერიტორია დაეტოვებინათ.
“სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ პროტესტი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება.